კვლევითი პროექტები

მიმდინარე კვლევითი პროექტების მიმოხილვა

სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი

კვლევის ხელმძღვანელი ელენე გავაშელიშვილი; კვლევის კოორდინატორი ნინო რჩეულიშვილი; კვლევის მონაწილეები მარიამ დარჩიაშვილი და ქეთევან გურჩიანი. დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2020-2023.

მოცემული პროექტის ფარგლებში, სუროგაციას განვიხილავთ როგორც ქსელურ ფენომენს, რომელსაც ადამიანები, მატერიალური ობიექტები და ინსტიტუციები ერთობლიობაში ქმნიან (Latour 2005). კვლევის მიზანია სუროგაციასთან და მის მომიჯნავე პრაქტიკებთან დაკავშირებული საკვანძო აქტორების გამოყოფა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა. პროექტი ძირითადად ეყრდნობა ეთნოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეობითაც მოხდება სუროგაციის პროცესის ორი საკვანძო მხარის: სუროგატი ქალების და პოტენციური მშობლების მოტივების, განცდების, ყოველდღიურობის და ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში განხორციელდება სუროგაციის სააგენტოების და კლინიკების ეთნოგრაფია. კვლევის ფარგლებში ასევე აქცენტი კეთდება სუროგაციის ტრანსნაციონალურ განზომილებაზე.

თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე

ხელმძღვანელი ქეთევან გურჩიანი; კვლევის კოორდინატორი ია კუპატაძე; კვლევის მონაწილეები თამთა ხალვაში და პოლ მენინგი.
დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2020-2023.

პროექტი შეისწავლის თბილისის ურბანულ კომპლექსურობას, სადაც ადამიანის მიერ შექმნილი და ადამიანის მიღმა არსებული ფენომენები გადახლართულია, სადაც ფორმალური და არაფორმალური, საჯარო და პრივატული, წარსული და აწმყო გადაჯაჭვულია და ერთმანეთს ავსებს. პროექტი ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან აანალიზებს არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, ბუნების როგორც ქალაქის ნაწილის შრეებს და მათ მრავალმხრივ კავშირს. პროექტის მთავარი მიმართულებებია: 1. ცხოვრებისეული სამყარო და ინფრასტრუქტურა თბილისში და 2. ლანდშაფტი: ურბანული გარემოს მოშინაურება და მისი რღვევა. მე-20 და 21-ე სს. ქალაქი შესწავლილია ადამიანების ბუნებისადმი დამოკიდებულების კომპლექსურობის და დინამიკის გათვალისწინებით, სადაც ბუნება მოქმედი აგენტია და რეალობას ცვლის. პროექტის შედეგი იქნება სამეზობლოების/უბნების, ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტის, როგორც შრეების ანალიზი და ვიზუალიზაცია.