კვლევითი ჯგუფები

კვლევითი ჯგუფები ინსტიტუციონალურ დონეზე წარმოქმნილი ქსელებია, რომლის ფარგლებშიც ვითარდება არსებული კვლევებისა და სწავლების ჩარჩოები. კვლევითი ჯგუფების მიზანია ორგანიზება გაუკეთოს კოლაბორაციულ კვლევებსა და სწავლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ინფრასტრუქტურა და ნარატივები

ინფრასტრუქტურა და ნარატივები: შავი ზღვის კავშირები (ჯგუფის ხელმძღვანელი თამთა ხალვაში; ჯგუფის მონაწილეები ნინო აბაკელია, ელენე გავაშელიშვილი, მარიამ დარჩიაშვილი). მხარდაჭერილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების გრანტის მხრიდან (2019-2020).

კვლევის ფოკუსი ორი საკვანძო ცნებაა, რომლებიც შავი ზღვის, როგორც კავშირების სივრცეს უსვამს ხაზს – ინფრასტრუქტურა და ნარატივები. ორივე ცნება ეხება ადამიანური გამოხატვის საბაზისო ფორმებს, რაც ხილულ ფორმას აძლევს ჩვენს საჭიროებას ვიყოთ ურთიერთდაკავშირებულები. მაშინ, როცა ინფრასტრუქტურა მატერიალური დაკავშირებულობის საშუალებას გვაძლევს სივრცეში, ნარატივები აწარმოებენ სიმბოლურ ურთიერთდამოკიდებულებას დროში. ინფრასტრუქტურა შესაძლებელს ხდის ადამიანებისა და კაპიტალის, იდეებისა და ნარჩენების ცირკულაციას, რის შედეგადაც იქმნება სივრცული ქსელები. ნარატივები დროში კავშირების მშენებლობისთვის საბაზისო სტრატეგიებს წარმოადგენენ და შესაბამისად, ძლიერი საშუალებებია ტრადიციების, ისტორიების, კულტურული მეხსიერებისა და ერთობის განცდის შესაქმნელად. ინფრასტრუქტურა და ნარატივები ერთად ქმნიან ტერიტორიულ და დროით კავშირებს შავ ზღვაში, რაც ამ ადგილს საერთო გამოცდილებების სივრცედ აქცევს.

თბილისი, როგორც ფორმალური და არაფორმალური სივრცე

თბილისი, როგორც ფორმალური და არაფორმალური სივრცე (ჯგუფის ხელმძღვანელი ია კუპატაძე; პროექტის მონაწილეები ქეთევან გურჩიანი და სოფიო ზვიადაძე). მხარდაჭერილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების გრანტის მხრიდან (2019-2020).

კვლევითი ჯგუფი ქალაქს აანალიზებს არქიტექტურული, გეოგრაფიული და ანთროპოლოგიური პერსპექტივებიდან. ეს ჯგუფი ქალაქის ურბანულ სტრუქტურას უყურებს როგორც ადამიანის მიერ კონსტრუირებულს და თავის მხრივ, ადამიანების სოციალური სამყაროს მაკონსტრუირებელს. ჯგუფის მიერ განხორციელებულ პროექტს აქვს ორი მიმართულება: 1. ქალაქის სტრუქტურული ცვლილების შესწავლა; 2. ეთნოგრაფიული კვლევის საფუძველზე ქალაქის მრავალშრიანობის ანალიზი.