LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა

LIVE-საინფორმაციო შეხვედრა: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ახალი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების მიღებას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებს.

პროგრამა აერთიანებს დარგში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ცოდნას მასში ჩართული პროფესორებისა და საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს საშუალებით.

27 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის შესახებ.

პროგრამის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ახალი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების მიღებას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებს.

პროგრამა აერთიანებს დარგში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ცოდნას მასში ჩართული პროფესორებისა და საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს საშუალებით.

პროგრამა გამოირჩევა ინტერდისციპლინური ორიენტაციით, რაც უზრუნველყოფს დარგთაშორის დიალოგის განვითარებასა და კვლევითი საკითხების გაფართოებას. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის ტრადიციას, თანამედროვე გლობალური პრობლემებისადმი კრიტიკულ თეორიულ მიდგომებსა და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოებ ანალიზს.

პროგრამაში ჩართულ პროფესორთა კვლევითი ინტერესები მოიცავს კრიტიკულ მიდგომებს თანამედროვე ანთროპოლოგიისადმი და მას აკავშირებს ფილოსოფიასთან, ეთიკასთან, პოლიტიკასთან, სემიოტიკასთან, ესთეტიკასთან, ეკოლოგიასთან, მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან, ასევე აფექტის თეორიასთან, ურბანულ, ვიზუალურ და ჟღერადობის კვლევებთან.

პროგრამა დოქტორანტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ორმაგი ხარისხი კოტუტელის (თანახელმძღვანელობის) ფორმატის ფარგლებში და მიიღოს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს რჩევები კვლევის განვითარების პროცესში.

პროგრამის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო წევრების შესახებ ინფორმაციისთვის იხ.: anthro.iliauni.edu.ge

Live-საინფორმაციო შეხვედრაზე პროგრამის უნიკალურობაზე, მის სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე გესაუბრებიან:

∙ თამთა ხალვაში – ასოცირებული პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი. თამთა ხალვაშმა დოქტორის წოდება 2015 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში მიიღო. მანამდე ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული დოქტორანტი იყო. 2016-2017 წლებში ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში პოსტდოქტორანტად მუშაობდა.

∙ ქეთევან გურჩიანი – პროფესორი, უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (საქართველო) და ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში (გერმანია) კლასიკური ფილოლოგიის და სიძველეთა კვლევების მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ანტიკური თეატრისა და რელიგიის ურთიერთმიმართების თემაზე. მოგვიანებით რელიგიის კვლევებმა მისი ინტერესი თანამედროვეობას დაუკავშირა და ამჟამად იკვლევს/ასწავლის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით.

∙ ფლორიან მიულფრიდი – პროფესორი, სოციალური ანთროპოლოგი. ოც წელზე მეტია მუშაობს კავკასიაზე, კერძოდ, საქართველოზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციის დაკავებამდე იყო ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (გერმანია) ასისტენტ-პროფესორი, მიწვეული პროფესორი ბრაზილიის კამპინას საჯარო უნივერსიტეტში, მიწვეული მკვლევარი გერმანიის მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში და ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

∙ ელენე გავაშელიშვილი – ასისტენტ-პროფესორი, 2007 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2018 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი „უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“ ცდილობს ყოველდღიურ რელიგიურობას შეხედოს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან.

∙ მარიამ დარჩიაშვილი – ასისტენტ-პროფესორი, 2008 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხური. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი შეისწავლის ნასაკირალში მცხოვრები მუსლიმი მესხების ეკონომიკურ და ყოველდღიურ პრაქტიკებს.

∙ თამარ გეთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ექსპერტი.

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, 27 ივლისს, 17:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 27 ივლისი, 17:00 საათი

ადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი