სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 20 მაისს, 5 საათზე (თბილისის დროით), გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე „კრიზისის მართვა – ქართველი მომვლელები თესალონიკში“.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ათასობით ქართველი ქალი შეეცადა საბერძნეთში მიგრაციის სარისკო პროექტის განხორციელებას. ადგილობრივ არაფორმალურ სექტორში მუშაობის გამო მიგრანტი მომვლელები ადამიანთა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია კრიზისში მყოფ საბერძნეთში. ბავშვებზე, მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე „უჩინარი“ ზრუნვით მათ წვლილი შეაქვთ როგორც საბერძნეთის საშუალო და მაღალი ფენის, ისე საქართველოში მყოფი ათასობით ოჯახის კეთილდღეობაში.
2012 წლიდან ეკონომიკური კრიზისის შედეგად მიგრაციის ნაკადი მკვეთრად შეფერხდა. თუმცა, ექსპლოატაციით, დაუცველობითა და გაურკვევლობით გამოწვეული ცხოვრების პირობების გაუარესების მიუხედავად, ათასობით ქართველი მომვლელი საბერძნეთში დარჩა.
ეთნოგრაფიული კვლევა ორიენტირებულია თესალონიკში მცხოვრები იმ შუახნის და ხანდაზმული ქართველი ქალების ნარატივებზე, რომლებმაც განათლება საბჭოთა საქართველოში მიიღეს. ის შეისწავლის სხვადასხვა სტრატეგიას, რომელთაც მიგრანტი ქალები იყენებენ გაურკვევლობის, მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისა და მრავალშრიანი კონკურენციით გამოწვეული კრიზისების (პოსტსოციალისტური რეალობა საქართველოში და ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში) დასაძლევად.

ბიოგრაფია: ვერონიკა ზმიჟევსკიმ სოციალური ანთროპოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ფრაიბურგის უნივერსიტეტში მოიპოვა, ხოლო ცენტრალური აზიის კვლევების სამაგისტრო ხარისხი – ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. სადოქტორო დისერტაცია „ქართველი ქალები მოძრაობაში – მიგრაცია საბერძნეთში კრიზისის დროს“ დაიცვა იენის ფრიდრიხ-შილერის უნივერსიტეტში. 2020 წლის იანვრიდან მუშაობს პოსტსადოქტორო მკვლევრად ვენაში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანული კვლევების ინსტიტუტში.

შეხვედრა ზუმის პლატფორმაზე გაიმართება.

ვისაც დასწრება აინტერესებს და ბმული არ აქვს, გთხოვთ, მიმართოთ მარიამ დარჩიაშვილს: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია