30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისა და რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ ფარგლებში ლაიბნიცის თანამედროვე აღმოსავლეთის ცენტრის მკვლევარი ჰილალ ალკანი ჩაატარებს online კვლევით სემინარს თემაზე „მეტაფორებსა და ონტოლოგიურ კავშირებს შორის: როგორ ზრუნავენ თურქი ემიგრატები მცენარეებზე და როგორ ქმნიან საკუთარ სახლს გერმანიაში“.
მოხსენების შესახებ
საუბარი ემყარება კვლევას, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ტალღისა და თაობის თურქი მიგრანტების ურთიერთობას იმ მცენარეებთან, რომლებსაც ისინი ზრდიან და უვლიან გერმანიაში სახლის შექმნის პროცესში მრავალსახეობრივი ქსელების მნიშვნელობის გამოსაკვლევად. მიგრაციისა და გადაადგილების კონტექსტში მიგრანტები და მცენარეები იზიარებენ ახალ გარემოში აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის გამოწვევებს. მცენარეებზე ზრუნვისას მიგრანტები უცხო ადგილს ნელ-ნელა აქცევენ სახლად, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მცენარეებისთვისაც, რომელთაც ზოგჯერ მიტოვებული სახლის სურნელი, ფერი და ტექსტურა აქვთ. თურქი ემიგრანტებისთვის ეს გულისხმობს უჩვეულო პირობებში თესლების, ნერგებისა და მცენარეების გადატანას ერთი ქვეყნიდან მეორეში, შემდეგ კი მცენარეების აქტიურ მოვლას მათი გადარჩენისთვის. მცენარეებზე ზრუნვისა და მათი, როგორც კომპანიონების, აღქმის პროცესში, მიგრანტები მათში პოულობენ თავიანთ სირთულეთა შესაფერის მეტაფორებს (დაფესვიანება, ამოძირკვა, განტოტება, აყვავება და ა.შ.) და, შესაბამისად, მათთან იდენტიფიცირების მიზეზებს. მკვლევარი ეცდება ილუსტრირებას, როგორ იჩენს თავს ეს მიმოქცევა მეტაფორასა და ზრუნვას შორის მიგრანტების ცხოვრებაში, როგორ ქმნის საკუთარ ტრანსნაციონალურ მდგომარეობაზე დაფიქრების შესაძლებლობებსა და საშუალებებს და, ამავდროულად, როგორ წამოჭრის ანთროპომორფიზმისა და პლანტიფიკაციის საკითხებს.
მომხსენებლის შესახებ
ჰილალ ალკანი Leibniz Zentrum Moderner Orient-ის მკვლევარია ბერლინში. იგი იკვლევს ზრუნვისა და ჩუქების პრაქტიკას სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ბოლოდროინდელი ნაშრომი ეძღვნება მიგრანტების ზრუნვას იმ მცენარეებზე, რომლებსაც ისინი ზრდიან და რომლებიც მათი თანამგზავრები ხდებიან ქალაქებში, სადაც ისინი დასახლდნენ. ჰილალ ალკანის შთაგონება ზრუნვის ფემინისტური ეთიკისა და მრავალსახეობრივი კვლევებიდან მომდინარეობს.
მისი სტატიები დაიბეჭდა American Ethnologist, Citizenship Studies, Migration Letters და სხვა კრებულებში. თანაავტორია წიგნებისა „ურბანული სამეზობლო ფორმირებები: საზღვრები, ნარატივები, მჭიდრო კავშირები“ (Routledge, 2020) და „ქალის სხეულის პოლიტიკა თანამედროვე თურქეთში: რეპროდუქცია, დედობა, სექსუალობა” (IB Tauris 2021).
იხ. აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე ბმულზე.
დრო: 30 სექტემბერი, 17:00 საათი
ფორმატი: ონლაინ პლატფორმა ზუმის გამოყენებით
რეგისტრაციისთვის: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge ან გამოიყენეთ სემინარის მუდმივი ბმული.
2022 წელი