25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით გიწვევთ ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრის, ლელა რეხვიაშვილის მოხსენებაზე „დავა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი „ცივი ომის“ პირობებში“.

ლელა რეხვიაშვილი ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიისა და რეგიონული გეოგრაფიის მკვლევარია. იკვლევს მარკეტიზაციასა და განვითარების პოლიტიკას, ურბანული და რეგიონული ინფრასტრუქტურების გარდაქმნას, წინააღმდეგობის პოლიტიკასა და სოციალურ მოძრაობებს. იგი არის ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი და ლაიბნიცის სამეცნიერო კამპუსის „აღმოსავლეთ-ევროპა- გლობალური არეალი“ ერთ-ერთი კვლევითი მიმართულების კოორდინატორი.

დავა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ცივი ომის პირობებში

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განვითარების წამყვან სტრატეგიად გამოცხადდა. პოლიტეკონომისტებისა და გეოგრაფების დაშვებათა მიხედვით მსოფლიოს ჰეგემონური ძალები, განსაკუთრებით ამერიკა და ჩინეთი, ე.წ. „ახალ ცივ ომში“ არიან ჩართული და საკუთარი ურთიერთგამომრიცხავი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის პროექტების განხორციელებას ცდილობენ (2013 წელს ჩინეთის მიერ წამოწყებული „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა (BRI) და 2021 წელს ბაიდენის მიერ დაანონსებული „ავაშენოთ უკეთესი სამყარო“ (B3W)). კონკურენციის მიუხედავად, ინფრასტრუქტურების მნიშვნელობაზე მსოფლიოს მასშტაბით კონსენსუსი არსებობს და განვითარების ამ პოლიტიკას ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და განვითარების ბანკები ერთნაირად უწყობენ ხელს. მსგავსმა დაპირისპირებამ, განსაკუთრებით ჩინეთის საერთაშორისო როლის აქამდე არნახულად წინ წამოწევამ, დასავლეთში დიდი შიში და წუხილი შექმნა. დასავლური აკადემია შეისწავლის ჩინეთის ინვესტიციებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა თუ ევროპაში, მუდმივად აქცენტს სვამს ამ ინვესტიციების პრობლემებსა და დასავლური ინფრასტრუქტურული ფინანსური ინსტრუმენტების უპირატესობაზე. ასევე უშვებენ, რომ პატარა ქვეყნები საერთაშორისო დაპირისპირების კონტექსტში უკეთესი დაფინანსების პირობების მოპოვებას ახერხებენ. თუმცა მსგავსი დაშვებები მხოლოდ და ექსკლუზიურად ჩინური ინვესტიციების შესწავლის ფონზე კეთდება, დასავლეთის თითქოს უპირატეს დაფინანსების მექანიზმებთან პირდაპირი შედარების გარეშე.

მომხსენებელი განიხილავს საქართველოში როგორც ჩინური, ისე დასავლური წარმომავლობის ინვესტიციებით განხორციელებულ (ან შეწყვეტილ) რამდენიმე წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მათი (ნენსკრა ჰესი, ანაკლია, ჰუალინგის თბილისის ზღვის ქალაქი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ფრონტერა) მიმოხილვის საფუძველზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებული ლიტერატურის დაშვებათა ნაწილს. ერთი, რომ ჩინურსა და დასავლურ ინვესტიციებს შორის ფუნდამენტური განსხვავებები არ იგრძნობა და ჩინური ინვესტორები უფრო ხშირად სწორედ დასავლელი პარტნიორების დახმარებით შექმნილ ადგილობრივ ინსტიტუციურ ჩარჩოებს იყენებენ, მეორე – ჩინური და აზიური წარმოშობის განვითარების ბანკები დასავლურ ბანკებთან ხშირად თანამშრომლობენ და საქართველოს ხელისუფლებას ერთად უყენებენ საინვესტიციო პირობებს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კონკურენციის არსებობით დიდად ვერ სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. და ბოლოს, არავინ განიხილავს იმას, რომ მსგავსი პროექტები ხშირად ადგილზე დიდ სოციალურ წინააღმდეგობას აწყდება. ამ წინააღმდეგობებს ზედაპირზე ამოაქვს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დიდი ინფრასტრუქტურების დაპირებების უსაფუძვლობა.

მოხსენება ზუმის პლატფორმაზე, სემინარის მუდმივ ბმულზე გაიმართება. ინფორმაციისთვის მიმართეთ: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია