17 დეკემბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული ასამბლეა“ და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ შეხვედრაზე თათია დვალთან, გენდერის კვლევების მაგისტრანტთან, პარიზ 8-ის უნივერსიტეტში.

თემა: ფონიჭალა უბანი, სადაც თბილისი მთავრდება

„როგორ მივიდე ფონიჭალამდე?“ – გუგლის საძიებელ ველში „ფონიჭალის“ ჩაწერისას ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს კითხვა გვხვდება, რომელზე პასუხიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. უპირველესად მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ფონიჭალა არ არის ჰომოგენური ურბანული ერთობა და ის სამი ტიპის გეოგრაფიული ლოკაციის – ზემო, ქვემო და სოფელ ფონიჭალის – ერთგვარი კრებითი სახელია. შესაბამისად კითხვა „როგორ მივიდე ფონიჭალამდე?“ მოითხოვს ლოგიკურ გაგრძელებას – რომელ ფონიჭალამდე? ლექცია ძირითადად კონცენტრირებული იქნება ზემო ფონიჭალასა და მის ორდინალურ აფექტებზე. მისი მიზანია გეოგრაფიული სპეციფიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური რეალობის გათვალისწინებით ახსნას, თბილისის რა ნაწილია ფონიჭალა და რა ფუნქცია აქვს ქალაქის ყოველდღიურ რეალობაში; რა როლს ასრულებს სატრანსპორტო სისტემა უბნის თვითიდენტობის ჩამოყალიბებაში და ამ იდენტობის რა ნაწილია სივრცე, რომელსაც ფონიჭალელები ყოველდღიურობაში იზიარებენ. ზემო ფონიჭალაში შემოსვლისას N343 (ვაზისუბანი-ფონიჭალა) და N344 (ბარათაშვილის ხიდი-ფონიჭალა) ავტობუსები გაივლიან სასაფლაოს, მაღაზია „ზღაპარს“, გზის მოპირდაპირე მხარეს ეკლესიას, აბრაზე გადახაზულ თბილისთან ჩაუხვევენ უბანში და წრეს დაარტყამენ მას. ლექცია შეეცდება გაჰყვეს ამ ტრაექტორიებს და მათი საშუალებით გამოარკვიოს დღევანდელ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ რეალობაში რას შეიძლება გულისხმობდეს გარეუბანი, სადაც ქალაქი მთავრდება.

მომხსენებლის შესახებ
თათია დვალი 2020 წლიდან სწავლობს გენდერის კვლევების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე პარიზ 8-ის უნივერსიტეტში. მისი პირველი სამაგისტრო ნაშრომი („რა აინტერესებთ ჩემს მეზობლებს: სექსუალობა, გენდერი და ორდინალური აფექტები ფონიჭალის გარეუბანში“), რომელმაც უმაღლესი შეფასება მიიღო, მიზნად ისახავდა ურბანული სამეზობლოს როლის გამორკვევას სექსუალობისა და გენდერული თვითაღქმის ჩამოყალიბების პროცესში. 2014-2018 წლებში სწავლობდა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ბაკალავრის საფეხურზე. ამ პერიოდში მისი მთავარი ინტერესი იყო ამერიკის 1960-70-იანი წლების ფემინიზმის, კონკრეტულად კი შავკანიან ფემინიზმთან ასოცირებული, პრობლემატიკის კვლევა. 2017-2018 წლებში თათია მუშაობდა თბილისის ზღვის აფხაზეთიდან დევნილთა სამეზობლოსა და მეორე თაობის დევნილებში არსებულ მემკვიდრეობით ტრავმაზე. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ის იკვლევს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მომუშავე ოპერების (au-pair) ოთახებს, მათ ყოველდღიურ შრომასა და ზრუნვის ეთიკურ ვალდებულებას (care ethics). ასევე ჩართულია ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის (ERUA) მიერ ორგანიზებულ კვლევაში „გენდერი და სექსუალობა მიგრაციაში“, რომელიც მოიცავს საველე სამუშაოებს საბერძნეთში, ლესბოსის კუნძულზე. მისი მიზანია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საიმიგრაციო ბანაკებში მყოფი ქალებისა და სექსუალური უმცირესობების პრობლემებისა და საჭიროებების წინ წამოწევა.

დრო: 17 დეკემბერი, 17:00 საათი

ფორმატი: დისტანციური (პლატფორმა ზუმი) – კვლევითი სემინარის მუდმივ ბმულზე

დამატებითი კითხვებისთვის: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია