28-29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების დოქტორანტებისთვის გაიმართება სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული სემინარი „კულტურის კვლევები (და) გლობალური სამხრეთი/გლობალურ სამხრეთში: მსჯელობა რასობრივი საკითხების შესახებ და მათ გარშემო ორგანიზება ანგლოფონური აკადემიური სამყაროს პერიფერიაზე“.
2020 წლის მაისში თეთრკანიანმა პოლიციელებმა მოკლეს მინეაპოლისის მკვიდრი, შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი. მკვლელობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელახლა გააღვივა მოძრაობა #BlackLivesMatter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია), რომელსაც მომდევნო კვირების განმავლობაში მსოფლიოს ათეულობით ქალაქში მხარდამჭერთა საპროტესტო გამოსვლები და რადიკალური დაჯგუფებების რეაქცია მოჰყვა. ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა თუ სხვა რეგიონებში დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მათი „სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. გააქტიურდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაც, რომლებიც აცხდებდნენ, რომ „ვერ სუნთქავენ“. ამ ძლიერმა პოლიტიკურმა მუხტმა საზოგადოების არაერთი ჯგუფი მოიცვა და დიდი ხნის მანძილზე დაგროვებული პრობლემების შესახებ პოლიტიკური კრიტიკის ახლებურად გამოხატვის გზები დასახა (პროტესტი კორუფციის, სექტარიანიზმის, მარგინალიზაციისა და საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის წინააღმდეგ). ამავე დროს მოძრაობის #BlackLivesMatter სულისკვეთებამ (და საპროტესტო მოძრაობის სხვა მიმართულებით მობილიზების წინააღმდეგ რეაქციამ) სხვა არაერთი ქვეყნის საზოგადოება აიძულა, თვალი გაესწორებინა შავკანიანთა წინააღმდეგ მიმართული რასისტული ტენდენციებისათვის, რომლებიც არც მათთვის იყო უცხო.
ინგლისში რასისა და რასიზმის ანალიზი უკავშირდება და უპირისპირდება მონებით ტრანსატლანტიკური ვაჭრობის მემკვიდრეობას. ამ მსოფლგაგებითი და მსოფლრღვევითი მოვლენების მატერიალური, ემოციური და ისტორიული სპეციფიკისა და აშშ-ში შავკანიანთა რასისტული დისკრიმინაციის სისტემური ხასიათის გამო ხშირად მიაჩნდათ, რომ რასის კრიტიკული თეორიის კვლევები არ ესადაგებოდა სხვა გეოგრაფიულ თუ კულტურულ რეგიონებს. რასისა და რასიზმის საკითხებზე მომუშავე მკვლევრებისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მათი ნაშრომები „არ არის რელევანტური“ იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც არ არიან მონებით ტრანსლატკანტიკური ვაჭრობის მემკვიდრეები და რომ მათი დაკვირვებები „შეუსაბამოა“ იმ კულტურული და სამართლებრივი კონტექსტებისთვის, რომლებშიც არ უწევთ ჯიმ კროუს მემკვიდრეობის აღიარება და მასთან გამკლავება.
1980-იანი წლებიდან მოყოლებული ანთროპოლოგებმა დაიწყეს „ადგილის“ როლის გადააზრება, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ თეორიასთან შესაბამისი ზონების ფორმირება.[1] ისინი დააკვირდნენ, რომ აშშ-ის/ევროპის საზღვრებს მიღმა მდებარე გეოგრაფიული რეგიონები მხოლოდ კონკრეტულ თეორიულ და მატერიალურ ძიებებთან იყონ დაკავშირებული, ეს ტენდენცია კი საკმაოდ ეფექტურად თრგუნავს სხვა სახის კვლევების განვითარებას, თუნდაც ისეთი კვლევებისა, რომლებიც უფრო ახლოსაა მოცემული არეალისთვის დამახასიათებელ პრობლემებთან (მაგ., კასტების საკითხი ინდოეთში). ამ მიმართულებით წარმართული ანალიზი ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ქმნის ანთროპოლოგიური თეორია საკუთარი (არაევროპული) კვლევის ობიექტებს.
თუმცა რასის შესახებ კრიტიკული თეორიის ტრანსატლანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებამ შეაფერხა ანტირასობრივი თეორიების განვითარება სხვა რეგიონებში. ტრანსატლანტიკური სამყაროს დანახვა მეტწილად რასობრივი პარადიგმის ჭრილში ისეთი პრობლემური არ არის, როგორც რასიალიზების (racialization) შესახებ კრიტიკული თეორიის დაკავშირება მეტწილად ტრანსატლანტიკურ სამყაროსთან. ეს არის ანთროპოლოგიასა და მის მომიჯნავე დისციპლინებში ადგილისა და თეორიის კრიტიკული ანალიზის საპირისპირო ტენდენცია, რომელიც კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის მემკვიდრეობის გათვალისწინებით ტრანსატლანტიკური სამყაროს მიღმა ანტირასობრივი საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებს განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვას სთავაზობს.
სემინარზე ცენტრსა და პერიფერიაში ადგილის ფორმირებისა და კრიტიკული თეორიის საკითხებზე მსჯელობისას გავითვალისწინებთ ტრანსატლანტიკური სამყაროს ცენტრალური როლის გავლენას არატრანსატლანტიკურ სივრცეში რასის, რასიალიზების დამკვიდრებისა (racialization) და რასობრიობის ფორმირების (racemaking) კვლევაზე. როგორ გამოვიკვლიოთ მონობის, ექსპლუატაციის, დისკრიმინაციის ისტორიები, რომლებიც არ მისდევს მონებით ტრანსატლანტიკური ვაჭრობის ისტორიულ და მატერიალურ მოდელს და რომელთა საარქივო მასალა და თანამედროვე დინამიკა ეკონომიკური და ეთნიკურ-რასობრივი დისკრიმინაციის უამრავ განსხვავებულ მაგალითს წარმოგვიდგენს? რომელი ეთნოგრაფიული, თეორიული და აფექტური მდგომარეობის შეფასების ინსტრუმენტებია საჭირო იმისათვის, რომ გავაანალიზოთ როგორც რასის კრიტიკული თეორია და მისი ფოკუსი ტრანსატლანტიკურ სამყაროზე, ისე ადგილობრივი და რეგიონული დინამიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ რასობრიობის ფორმირებას (racemaking) ტრანსატლანტიკური სამყაროს მიღმა? ლოკალური და ამავე დროს კომპარატივისტული მიდგომის გამოყენებით შესაძლებელი იქნება თუ არა მოვიძიოთ ე.წ. გლობალური სამხრეთის გეოგრაფიული რეგიონების აქტივისტების, მკვლევრებისა და ეთნოგრაფების მასალები, რომლებიც „ტრანსატლანტიკურად მარკირებულ“ რასის კრიტიკულ თეორიას, ანალიზსა და მობილიზებას დააბალანსებს? ამგვარი მიდგომა აღიარებს, რომ ტრანსატლანტიკური სამყაროს ფარგლებშიც კი რასობრივი დისკრიმინაციის, შავკანიანთა დისკრიმინაციისა და რასიალიზების დამკვიდრების (racialization) საკითხები თანაბარზომიერად არ განიხილება.[2]
ნეოლიბერალური ექსპანსია, საერთაშორისო განვითარება, ფილანტროპიზმი (ჰუმანიტარიანიზმი), საკრედიტო და ახალმოსახლეთა კოლონიალიზმი იმთავითვე რასობრივად მარკირებული და რასობრიობის მაფორმირებელი პროექტებია, რომლებმაც მსოფლიოს ყველა კუთხე მოიცვა. თეთრი რასის უპირატესობა ხელს უწყობს ისლამოფობიასა და შავკანიანთა რასობრივ დისკრიმინაციას. დახმარების, განვითარებისა და პროგრესის ხელშემწყობი საერთაშორისო მოდელები რასობრივი და ეთნიკური დიფერენციაციისა და იერარქიის ცნებებზე დაფუძნებულ ექსტრაქციის კოლონიურ ჩარჩოს ეყრდნობა. დაბოლოს: გლობალიზაცია ხომ არსებითად არათანაბარზომიერი პროცესია. მეტიც, თანამედროვე საპროტესტო ენერგია მემარცხენეების მხარეს მოწყურებულია დაუყოვნებლივ და აქტიურად ჩაერთოს რასობრიობის ფორმირების ანალიზის პროცესში იდენტობის პოლიტიკის ჩარჩოებს მიღმა. რამდენად სერიოზულად ჩაერთვებიან გლობალური სამხრეთის ახალგაზრდა მეცნიერები რასის კრიტიკული თეორიის განვითარებულ კვლევებში და რამდენად შეძლებენ ამ კვლევების მისადაგებას ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, სამხრეთ აზიისა და სხვა რეგიონების კონტექსტებისა და ენებისადმი?ორდღიან სემინარზე ჩემი მიზანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან ერთად განვიხილო გლობალური პოლიტიკისა და ტრანსნაციონალური აკადემიური საქმიანობის უახლესი ტენდენციები და მათთან ერთად ვიმსჯელო რასისა და რასობრიობის ფორმირების (racemaking) საკითხებზე ანგლოფონური აკადემიური სამყაროსა და მისი პერიფერიის პერსპექტივიდან. როგორ წარმოგვიდგენია კავკასიის რეგიონის წარმომადგენელი ანთროპოლოგის ჩართულობა რასის კრიტიკულ კვლევებში? როგორ გამოიხატება თეთრი რასის უპირატესობა, მკვიდრი კულტურები, შავკანიანთა რასობრივი დისკრიმინაცია, ისლამოფობია და სხვა მსგავსი საკითხები ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებში, იდეებსა და ემოციებში? რომელი ენა უნდა გამოვიყენოთ მათი დეკონსტრუქციისთვის? როგორ არის შესაძლებელი რასის კრიტიკულ თეორიაში ტრანსატლანტიკური სამყაროს (აღქმული ცენტრის) ზომისა და წონის გათვალისწინება კავკასიის (მისი მომავალი პერიფერიის) ლოკალურ კონტექსტში იმისათვის, რომ რასობრიობის ფორმირების ისტორია და თანამედროვე გამოწვევები ადგილობრივ დონეზე გავიაზროთ?
[1] მაგალითად, იხ. Arjun Appadurai, “Theory in Anthropology: Center and Periphery,” Comparative Studies in Society and History Vol 28 (1986): 356-361.
[2] მაგ., Henrice Altnek, “Black Lives Matter in Jamaica: Debates about Colourism Follow Anger at Police Brutality,” The Conversation, June 22, 2020 https://theconversation.com/black-lives-matter-in-jamaica-debates-about-colourism-follow-anger-at-police-brutality-140754.