10 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა“ (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) ფარგლებში გაიმართება პროფესორ ჯეფ საჰადეოს (კარლტონის უნივერსიტეტი, კანადა) სემინარი თემაზე: „მეხსიერება, მნიშვნელობა: მტკვარი და საქართველოს სხვა დედამდინარეები”.

სემინარის შესახებ

საქართველოში მდინარეები ადგილისა და იდენტობის მნიშვნელოვანი მარკერებია. კვლევის საწყის ეტაპზე ჩატარებულ ინტერვიუებში, რომელთა მთავარი მიზანი იყო საბჭოთა პერიოდში გარემოს დაზიანებასა და აქტივიზმზე, მდინარეებზე, როგორც ენერგიის წყაროზე და ეროვნულ იდენტობაზე, საუბარი, ნათლად გამოიკვეთა ემოცია, რომლითაც რესპონდენტები საუბრობდნენ მდინარეების როლზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმავეს ადასტურებდა საბჭოთა პრესის კვლევაც.

სემინარზე ავტორი წარმოადგენს კვლევას, რომელიც თავს მოუყრის ამ ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებსა და მიგნებებს მდინარეების კულტურულ მნიშვნელობაზე ქართველებისთვის საბჭოთა პერიოდის გახსენებისას. აგრეთვე გააანალიზებს, თუ როგორ იყენებენ ამ მოგონებებს დღევანდელობაზე ფიქრისას. ეს მნიშვნელობა საბჭოთა პერიოდამდელი დროითაც შეგვიძლია დავათარიღოთ, რადგან მტკვარს ღრმა კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა იმპერიულ ტიფლისშიც.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორმა ჯეფ საჰადეომ დოქტორის ხარისხი მიიღო ილინოისის უნივერსიტეტიდან(Urbana-Champaign), 2000 წელს. ტენესი-ნოქსვილის უნივერსიტეტში ის ასწავლიდა სამი წელი, რის შემდეგაც მან კარლტონში განაგრძო მუშაობა. მისი სწავლების სფეროები მოიცავს დიასპორის, მიგრაციისა და იმპერიების თემატიკას აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. ასევე მუშაობს კოლონიალიზმის, ნაციონალობის, სასაზღვრო/მიჯნის ტერიტორიების და საზღვრების კვლევაზე – ძალაუფლების და იდენტობათა და სახელმწიფოების წარმოქმნის კონტექსტებში. როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის სპეციალისტს, ჩატარებული აქვს სიღრმისეული კვლევები რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში.

დოქტორ საჰადეოს ამჟამინდელი კვლევის საგანს წარმოადგენს ბუნებისა და საზოგადოების გადაკვეთის კვლევა, ასევე გადაადგილებისა და სოციალური ცვლილებების საკითხი საქართველოს მდინარეების შესწავლის მეშვეობით. იკვლევს პოსტკონფლიქტური მშვიდობის მშენებლობასაც ევრაზიული პლურალიზმის ჭრილში.

დრო: 10 ივნისი, 17:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: A306 აუდიტორია, ი.ჭავჭავაძის გამზირი N32

2022 წელი

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია