11 ივლისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის მოწვევით მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი გრეტა ლინ უჰლინგი წაიკითხავს ლექციას „უკრაინის დეკოლონიზაცია: ყირიმელი თათრები, ადგილობრივი მიკუთვნებულობა და აღიარების პერსპექტივა“.
რა ხდება, როდესაც ხალხი, რომელიც დიდი ხნით გაქრა რუკებიდან, სახელმძღვანელოებიდან და ისტორიიდან, შეეცდება არ გაქრეს?
უჰლინგის ახალი წიგნი „უკრაინის დეკოლონიზაცია“ მკითხველს აცნობს უკრაინელების, რუსებისა და ყირიმელი თათრების ურთიერთდაკავშირებულ ცხოვრებას, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის 2014 წლის ყირიმის ანექსიას – ბევრი მათგანი გადმოსახლდა უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. ამ ნარატივის ცენტრში დგანან ყირიმელი თათრები, ადგილობრივი ხალხი, რომელსაც ღრმა ისტორიული კავშირები აქვს რეგიონთან და რომელიც, მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში გადატანილი ჩაკეტილობის, ეთნიკური წმენდის და მარგინალიზაციისა, ხელახლა აყალიბებს უკრაინის პოლიტიკურ და კულტურულ ლანდშაფტს.
155-ზე მეტ სიღრმისეულ ინტერვიუზე დაყრდნობით, რომლებიც ჩაწერეს მთელს უკრაინაში, და ათწლეულების ეთნოგრაფიული კვლევის საფუძველზე, მომხსენებელი უკრაინას განიხილავს არა მხოლოდ როგორც შეტევის ქვეშ მყოფ ერს, არამედ როგორც საზოგადოებას, რომელიც უმკლავდება საკუთარ შიდა კოლონიურ მემკვიდრეობას. იგი ასევე შეეხება საკითხს, რას ნიშნავს ანთროპოლოგებისათვის რუსული იმპერიული აგრესიის შესწავლა არა მხოლოდ ნაცნობი ეროვნული ჩარჩოების მიხედვით, არამედ მკვიდრობის, დროისა და რელაციურობის თეორიების მეშვეობით.
მდიდარი ეთნოგრაფიული მასალის მეშვეობით „უკრაინის დეკოლონიზაცია“ აჩვენებს, როგორ ცდილობდნენ ყირიმელი თათრები მსხვერპლობა – აგენტობად, საზოგადო მწუხარება – პოლიტიკურ სუბიექტურობად, ხოლო მარგინალიზაცია თვითგამორკვევად ექციათ. მომხსენებელი სტალინის ეპოქის დეპორტაციების ტრავმიდან ჯამალას ევროვიზიაზე გამარჯვების ემოციურ რეზონანსამდე განიხილავს, რამდენად იძლევა ადგილობრივობა კრიტიკულ ჩარჩოს უფრო სამართლიანი მომავლის წარმოსადგენად არა მხოლოდ ყირიმელი თათრების, არამედ მთელი უკრაინისთვის.
გრეტა ლინ უჰლინგი მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორია საერთაშორისო და შედარებითი კვლევების პროგრამაში. მისი მეცნიერული მუშაობა ფართოდ ეხება საერთაშორისო მიგრაციას და იძულებით გადმოსახლებას. შეისწავლის ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებელთა და შიდა გადმოსახლებულთა გამოცდილებას. ამჟამინდელი პროექტით იკვლევს სამხედრო კონფლიქტისა და იძულებითი გადმოსახლების სუბიექტურ გამოცდილებას უკრაინაში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 11 ივლისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025