სადოქტორო პროგრამაზე მიღების ეტაპები
პირველი ეტაპი – ელექტრონული რეგისტრაცია
დოქტორანტურაში სწავლის მსურველების საყურადღებოდ!
ყველა სავალდებულო საბუთი უნდა იყოს PDF ფორმატში;
ყველა საბუთი/დოკუმენტი უნდა აიკინძოს ერთ ფაილად ერთმანეთის მიყოლებით;
ერთ ფაილად აკინძული დოკუმენტების ნაკრები ერთხელ უნდა გამოიგზავნოს შესაბამის ელფოსტაზე.
სხვა შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება.
დოკუმენტაციის მიღებას დაადასტურებს ფაკულტეტის წარმომადგენელი.
1. სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ სარეგისტრაციო ფორმა;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან), ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
4. ავტობიოგრაფია (CV);
5. ფოტოსურათი 3×4;
6. სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ კვლევითი განაცხადის ფორმა, რომელიც პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი;
მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით მიმართულებების მიხედვით).
შენიშვნა: თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
მეორე ეტაპი – გამოცდა ინგლისურ ენაში
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ჩაუტარდებათ ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა.
ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური გამოცდის ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
მესამე ეტაპი – სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.
სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა.
სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
მეოთხე ეტაპი – ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.
სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.
მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.