14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“.
მომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის, როგორც პოლიტიკური დისკურსის, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ რუსული ხელისუფლების დისკურსი ზოგადად მიჰყვება კულტურულ ანთროპოლოგთა მიერ აღწერილ მაგიური აზროვნების პრინციპებს. მაგიური აზროვნების ლოგიკით აგებული დისკურსი ქმნის სულიერი ერთობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ანტაგონისტურია პოლიტიკური არტიკულაციისა და პოლიტიკური იდენტობების კონსტრუქციის მიმართ. ამგვარი ანტაგონიზმი, გამოწვეული მაგიური პოლიტიკის აღზევებითა და ახალი ავტოკრატიების „ობსკურანტიზმით“, ხაზს უსვამს ახალ გამოწვევას პოლიტიკის თეორეტიკოსებისთვის. რადგან ბრძოლის ძირითადი ხაზები აღარ გადის ჰეგემონიური არტიკულაციის მეტოქე იდეოლოგიურ პროექტებს შორის, არამედ დისკურსის სხვადასხვა ლოგიკას შორის, სადაც ერთი პოლიტიკურის მომენტის გაფართოებას ცდილობს, ხოლო მეორე – მაგიურის, მის შემცირებასა და აღმოფხვრას.
მომხსენებლის შესახებ
დოქტორი გოლოლობოვი 2016 წლიდან ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის პოლიტიკისა და რუსული კვლევების ლექტორია, მანამდე ვარვიკის უნივერსიტეტის მკვლევარი იყო. დოქტორის ხარისხი მოიპოვა ესექსის უნივერსიტეტის მმართველობის დეპარტამენტის პროგრამის, იდეოლოგიისა და დისკურსის ანალიზის ფარგლებში, მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთის პოლიტიკასა და პოლიტიკურ ხელოვნებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
ფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმა (ბმულის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: florian.muehlfried@iliauni.edu.ge)
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 14 ოქტომბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)
დასწრება თავისუფალია.
2025