21 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით იუჯინ სლონიმეროვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „სადაა არსენალის მთა?“ ვიზუალური და ჩართული კვლევის მეთოდები ურბანულ ლანდშაფტში“.
იუჯინ სლონიმეროვის კვლევა ეხება თბილისის ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზას, რომელიც აღიქმება როგორც არაადამიანური სუბიექტი და „მწვანე ჰეტეროტოპია“, ადგილი, სადაც მწირ მწვანე სივრცეში ყალიბდება „უცნაური სხვადმყოფობის“ ახალი ფორმები.
პროექტი „სადაა არსენალის მთა?“ განხორციელებულია კვლევითი ინიციატივის „ბაღების ანთროპოლოგია: სხვაგვარად და სხვაგან“ ფარგლებში. მისი მთავარი ხელმძღვანელია პოლ მენინგი (ტრენტის უნივერსიტეტი, კანადა), თანააავტორები: ქეთევან გურჩიანი, თამთა ხალვაში და ფლორიან მიულფრიდი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). კვლევას მხარს უჭერს კანადის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევითი საბჭო (2022-2027).
მომხსენებლის შესახებ
იუჯინ სლონიმეროვი ტორონტოს უნივერსიტეტის ევრაზიული და ევროპული კვლევების მაგისტრია. კავკასიის უნივერსიტეტში ასწავლიდა ურბანულ კვლევებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ომისა და ძალადობის კვლევებს. მისი ინტერესის სფეროებია: შენობები, მწვანე სივრცეები და იძულებით გადაადგილებული პირები.
იუჯინ სლონიმეროვი კვლევითი ხელმძღვანელია ტორონტოში მდებარე კენსინგტონის ბაზრის საზოგადოებრივ მიწის ტრასტში, რომელიც ხელმისაწვდომ საცხოვრებელზე მუშაობს. ამასთან, ხელმძღვანელობს მეხსიერებით რუკებსა და სასეირნო ტურებს პროექტის „საუკეთესო ხვრელი ღობეში“ ფარგლებში. არის ტორონტოს ერთ-ერთი ანდერგრაუნდ ტექნოკლუბის კოლექტივის წევრი.
ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის პლატფორმა
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 ოქტომბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)
დასწრება თავისუფალია.
2025