11 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კემბრიჯის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი მარია საკირკო წაიკითხავს ლექციას „არც აქ და არც იქ: მოსკოვში მცხოვრები მეორე თაობის მიგრანტი ქართველების მიკუთვნებულობის ნარატივები“.
მოხსენება ეფუძნება მარია საკირკოს სადოქტორო კვლევის შედეგებს იმ ქართული ოჯახების გამოცდილებაზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნაშრომის მთავარი თემაა მეორე თაობის ქართველ მიგრანტებში მიკუთვნებულობის გრძნობის ჩამოყალიბება რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული რთული გეოპოლიტიკური ურთიერთობების ფონზე. ამ ახალგაზრდებს რუსეთში საცხოვრებლად გადასვლა არ აურჩევიათ, თუმცა რუსეთის მოქალაქეები არიან, განათლება რუსეთში მიიღეს და რუსული მათთვის მშობლიური ენაა. ამავდროულად, მშობლები ცდილობდნენ ემიგრაციაში მათთვის გადაეცათ „ქართული ღირებულებები“. მიკუთვნებულობის გრძნობის ფორმულირების მცდელობისას მოსკოვში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა ქართველი საუბრობდა შუალედური ყოფნის განცდაზე: ისინი სახლში არ გრძნობდნენ თავს არც საქართველოში და არც რუსეთში.
მომხსენებლის შესახებ
მარია საკირკო 2020 წლიდან სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტია კემბრიჯის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). 2019 წელს ლონდონში მცხოვრები ქართველი მიგრანტების კვლევისთვის მიენიჭა სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტში. მარია საკირკოს კვლევის თემაა: მეხსიერება, მიგრაცია და მიკუთვნებულობის გრძნობა, ასევე დაინტერესებულია სოციალურ ანთროპოლოგიაში ვიზუალური მეთოდების, განსაკუთრებით ფოტოგრაფიის, განვითარებით.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 11 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025