14 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით დოქტორი თეა ქამუშაძე წაიკითხავს მოხსენებას „დადუმებული ბავშვობა: “სოციალიზაცია, ძალაუფლება და პოსტკოლონიალური რეფლექსია ქართულ საბჭოთა ეთნოგრაფიაში “.
მოხსენების შესახებ
ნაშრომი განიხილავს, როგორ იყო წარმოდგენილი ბავშვობა ქართულ საბჭოთა ეთნოგრაფიაში. იგი აჩვენებს, რომ ბავშვების ხმა და განსაკუთრებით ტრადიციული აღზრდის მეთოდები ხშირად იგნორირებული იყო, რადგან ცოდნის წარმოება ეფუძნებოდა იდეოლოგიურ და ცენტრალიზებულ საბჭოთა ჩარჩოებს. პოსტკოლონიალური თეორიის გამოყენებით, კვლევა საბჭოთა ეთნოგრაფიას განიხილავს როგორც ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ცოდნის სივრცეს და ხაზს უსვამს, რომ ბავშვები და ადგილობრივი აღზრდის პრაქტიკები იშვიათად ჩანან როგორც ცოდნის ლეგიტიმური წყაროები, რაც მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა კონტექსტის გასააზრებლად.
მომხსენებლის შესახებ
დოქტორი თეა ქამუშაძე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კვლევით პროგრამებში, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტში. 2021 წელს მან დაასრულა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პოსტდოქტორული პროექტი რელიგიური პლურალიზმისა და სეკულარიზმის შესახებ პოსტსოციალისტურ ურბანულ სივრცეში. 2025 წელს მან ოქსფორდის უნივერსიტეტში დაასრულა კვლევითი პროექტი, რომელიც ეხებოდა ქართულ ეთნოლოგიას პოსტკოლონიურ და ციფრულ პერსპექტივებში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 14 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”
დასწრება თავისუფალია.