2 ივნისს , 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით მკვლევარი გიორგი ჭეიშვილი ონლაინ წაიკითხავს საჯარო ლექციას „უცნაური ნაშთები: ნანგრევები და მიკუთვნებულობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში“.
ანთროპოლოგიური კვლევები განიხილავს ნანგრევებს როგორც ხიდს, რომელიც ადამიანებს აკავშირებს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასთან ან კონკრეტულ არმყოფ „სხვასთან“. მაგრამ რა ხდება, როცა ვერც ის ეპოქა და ვერც ის ადამიანები ვერ იდენტიფიცირდებიან?
ლექცია ეძღვნება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ თურქ მოქალაქეებს. მომხსენებელი ამ სოფლების ეკლესიის ნანგრევებს განიხილავს როგორც აქტიურ სივრცეებს, რომლებიც არღვევს დროისა და უწყვეტობის ჩვეულებრივ წარმოდგენებს და ეწინააღმდეგება წარსულთან მიმართების ორ ყველაზე გავრცელებულ გზას – მითვისებასა და ექსტერნალიზაციას.
მეცნიერის აზრით, ეს გადაუჭრელი ორაზროვნება ნანგრევებს უცნაურ ხასიათს სძენს და მათ აქცევს სივრცეებად, რომლებიც ეწინააღმდეგება კატეგორიზაციის ორივე გზას; აჩვენებს, როგორ იძენს ეს ნანგრევები პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ იმ ისტორიებისადმი წინააღმდეგობით, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთრად მიიჩნევს. ავითარებს იდეას, რომ ეს ნანგრევები თავისი არსებობით უხმოდ არღვევს არა მხოლოდ წარსულის აღქმას, არამედ იმასაც, როგორ წარმოუდგენიათ ადამიანებს საკუთარი უფლება – ეკუთვნოდნენ თავიანთ უშუალო საცხოვრებელ ადგილს, უფრო ფართოდ კი – თურქ ერს.
გიორგი ჭეიშვილი სოციალური ანთროპოლოგი და უტრეხტის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტია. 2022 წელს ბერგენის უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2023 და 2025 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა სამეცნიერო სტიპენდიით.
მისი კვლევის ინტერესები მოიცავს საზღვრებსა და სასაზღვრო პრაქტიკებს, სახელმწიფოს, ტერიტორიულობასა და ფიზიკური საზღვრის ურთიერთობას სოციალურ საზღვრებთან თურქულ-ქართულ სასაზღვრო ზოლში.
ამჟამად ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტის, INFRAEMPIRE-ის ფარგლებში სწავლობს თურქული ინფრასტრუქტურული განვითარების გავლენას ქალაქ ბათუმზე. აინტერესებს, როგორ იკვეთება ინფრასტრუქტურა და გეოპოლიტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში, აყალიბებს სამომავლო წარმოდგენებს და ქმნის ძალაუფლების დინამიკის ახალ ფორმებს.
ლექციაზე დასწრების მსურველები დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 2 ივნისი, 17:00 საათი
