23 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი ნანა კობიძე წაიკითხავს ლექციას „სად არის მეპატრონე? ეკოლოგიის, ქონებრივი სისტემისა და სოციალური კონტრაქტის ცვლილება საქართველოში“.
ვინ იღებს პასუხისმგებლობას ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დაზიანებულ საკუთრებაზე? 1989 წელს მაღალმთიან აჭარაში მომხდარი მასშტაბური მეწყრის გამო საბჭოთა სახელმწიფომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის განსახლება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დროებით საქართველოს სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, წალკაში ბერძნული თემების მიერ დატოვებულ ცარიელ სახლებში ჩაასახლეს. 1991 წლის შემდეგ საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი გახდა. ცვალებადი ქონებრივი რეჟიმებისა და პრივატიზაციის ისტორიულ ეთნოგრაფიაზე დაყრდნობით ნაშრომში გამოკვლეულია მორალურ ეკონომიკასა და ადამიანებს შორის წარმოქმნილი არაფორმალური ქონებრივი რეჟიმები ეკოლოგიური ცვლილებების კვალდაკვალ.
მომხსენებლის შესახებ
ნანა კობიძემ 2021 წელს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: ქონებრივი რეჟიმები, პოლიტიკური ეკოლოგია, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციები და დიალოგი პოსტსოციალისტურსა და პოსტკოლონიურ დებატებს შორის. ამჟამად მუშაობს ეკოლოგიური კატასტროფებისა და საცხოვრისის საკითხებზე. დაინტერესებულია ასევე ვიზუალური ანთროპოლოგიით და დოკუმენტური ფილმების გადაღებით.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 23 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 შეხვედრების ოთახი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N45
დასწრება თავისუფალია.