პროექტის შესახებ:
მეზღვაურები ცხოვრების დიდ ნაწილს ოჯახის გარეთ ატარებენ და ნაციონალური საზღვრების მიღმა მუშაობენ (Sampson 2003), მაგრამ მაინც მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ თავიანთ ოჯახთან და კულტურასთან (Borovnik 2009 Kremakova 2019). წინამდებარე კვლევის პერსპექტივის თანახმად, კოსმოპოლიტური საქმიანობის მიუხედავად, მეზღვაურები „ადგილობრივები“ არიან, რომლებიც ხმელეთთან თავიანთი გეგმებით და იმედებით, სევდით და სიხარულით არიან დაკავშირებულები. მოცემული კვლევის მიზანია იმის შესწავლა, თუ როგორ განსაზღვრავს საქართველოში, კერძოდ ბათუმში არსებული სოციოკულტურული ფონი ქართველი მეზღვაურების სამსახურეობრივ და ოჯახურ ცხოვრებას. შავი ზღვის სანაპიროზე ბევრი მეზღვაური ცხოვრობს, მაგრამ მეზღვაურთა რაოდენობის მიუხედავად, მწირია ნაშრომები, რომლებიც თანამედროვე ქართველი მეზღვაურების და მათი ოჯახის წევრების პერსპექტივას შეისწავლის. მეზღვაურების რაოდენობა განსაკუთრებით დიდია აჭარის რეგიონულცენტრში, ბათუმში, რომელიც კვლევის ძირითადი ველი იქნება. პროექტის ძირითად მეთოდოლოგიურ მიდგომას ეთნოგრაფიული კვლევა წარმოადგენს, რომელიც კონკრეტული საკვლევი გარემოს სოციოკულტურული მახასიათებლების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ამასთანავე კვლევაში გამოყენებული იქნება სიღმისეული ინტერვიუირების “ცხოვრების ისტორიის” მეთოდი, რომელიც მკვლევარს თანამოსაუბრის გამოცდილებების, დამოკიდებულებების და ქცევების კონკრეტული დროითი და სივრცითი პერსპექტივის კონტექსტში აღმოჩენის საშუალებას აძლევს. კვლევისთვის საინტერესოა როგორც მეზღვაურის სახმელეთო ცხოვრების, ასევე მისი არყოფნის შესწავლაც, რომელიც მეზღვაურთა ოჯახის წევრების ცხოვრებას განსხვავებული ემოციებითა და პრაქტიკებით ავსებს. არყოფნის შესწავლა კიდევ უფრო საინტერესო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ ფიზიკური არყოფნის ვირტუალური ერთად ყოფნის მცდელობებით შევსება სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მოცემული კვლევითი პროექტი წვლილს შეიტანს ქართველი მეზღვაურების შესახებ ანთროპოლოგიური ცოდნის შექმნაში და დაგვანახებს თავად მეზღვაურების მიერ განცდილ სამსახურეობრივ და ოჯახურ ცხოვრებას. კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგების დისემინაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეზღვაურთა შესახებ ინფორმაციის გაზრდას და სტიმულს გააჩენს მეზღვაურების პროფესიისა და ცხოვრების შესწავლის მიმართულებით.