16 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (CUNY) ანთროპოლოგიის პროფესორი ქეითი როუზ ჰეითმანეკი წაიკითხავს ლექციას „ქროსფიტის კულტი: კულტურული ქრისტიანობა სპორტდარბაზში“.
ქროსფიტმა შეერთებულ შტატებში ჩამოაყალიბა განსაკუთრებული კულტურა, რომელიც გავლენას ახდენს მის მიმდევართა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქროსფიტი ერთგვარი ნაზავია ბიზნესის, ბრენდის, რთული სავარჯიშო რეჟიმის და ძლიერი საზოგადოებრივი ერთობისა.
ქეითი როუზ ჰეითმანეკის წიგნი „ქროსფიტის კულტი“ , რომელიც შეერთებულ შტატებსა და ექვს კონტინენტზე სპორტდარბაზებში წარმოებულ მრავალწლიან კვლევას ეფუძნება, ასახავს, როგორ მოქმედებს ქროსფიტი ამერიკული კოდების მეშვეობით.
მომხსენებელი ლექციაზე განიხილავს ქროსფიტის ძლიერ გავლენას ამერიკულ ქრისტიანულ ღირებულებებზე, მიუხედავად ქროსფიტის დეკლალირებული სეკულარული ხასიათისა და იმ ფაქტორისა, რომ ხშირ შემთხვევაში მისი მიმდევრები თავს არ მიიჩნევენ ქრისტიანებად.
მომხსენებლის შესახებ
ქეითი როუზ ჰეითმანეკი ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (CUNY) ბრუკლინის კოლეჯის ანთროპოლოგიისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის კვლევების პროფესორია. არის მონოგრაფიის „მეგობრობა, სიყვარული და ჰიპ-ჰოპი: ფსიქიატრიულ მეთვალყურეობაში მყოფი აფროამერიკელი მამაკაცების ეთნოგრაფია“ ავტორი და წიგნის „გენდერი და ძალაუფლება ძლიერ სპორტში: ძლიერი, როგორც ფემინისტი“ თანარედაქტორი. მისი უახლესი სტატია ქართველ კოლეგასთან, ნუცა ბათიაშვილთან თანაავტორობით დაიბეჭდა ჟურნალში “American Anthropologist”. ფულბრაიტის სტიპენდიით მიმდინარე აკადემიურ წელს ატარებს თავისუფალ უნივერსიტეტში.
პროფესორი ჰეითმანეკი მსოფლიოსა და აშშ-ის მრავალგზის ჩემპიონია ძალოსნობაში და საქართველოში ყოფნისას ჯიუ-ჯიცუსაც ეუფლება.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 16 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.