ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ესმა ბერიკიშვილმა მოიპოვა ციურიხის უნივერსიტეტის ოთხთვიანი სტიპენდია. იგი ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში იმუშავებს კვლევით პროექტზე „მარადიული დაპირებების ქალაქი – ინფრასტრუქტურა, არაფორმალური ეკონომიკები და გეოპოლიტიკური დინამიკა ქალაქ ფოთში“. კვლევაში განხილული იქნება ადგილობრივი თემის პასუხი იმ სოციოეკონომიკურ ცვლილებებზე, რომლებიც ქალაქ ფოთში ვარდების რევოლუციის შემდგომ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოჰყვა. დოქტორანტი იკვლევს ამ ცვლილებათა გავლენას ყოველდღიურობაზე და უფრო ფართო სოციალურ და ეკონომიკურ დინამიკას ადგილობრივი თემის შიგნით.
ციურიხის უნივერსიტეტში ესმა ბერიკიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „დანგრეული ინფრასტრუქტურები და არაფორმალური ეკონომიკები: პოსტნეოლიბერალური ლანდშაფტი ქალაქ ფოთში“ ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების გავლენის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობაზე, ინფრასტრუქტურების ჩამონგრევას, როგორც ეკონომიკური იმპროვიზაციის წყაროს, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს და არაფორმალური ეკონომიკური პრაქტიკების როლს ნეოლიბერალურ ეკონომიკაში.
2024