5 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით დოქტორი ნინო აივაზიშვილი-გენე ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „საბჭოთა კულტურულობის კონცეფცია პოსტსოციალისტურ და პოსტმიგრაციულ კონტექსტში“.

კვლევა ეხება პოსტსოციალისტურ და ემიგრაციულ გარემოში სუბიექტური აღქმების ჩამოყალიბებას. მომხსენებელი მიმოიხილავს, როგორ გარდაიქმნება სოციალისტური გამოცდილება და საზოგადოებრივი ღირებულებები ახალ კონტექსტში.

ლექციაზე განხილული იქნება გერმანიაში დასახლებული „რუსი გერმანელების“ (საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული გერმანელების) მაგალითი. კვლევის მთავარი არგუმენტია, რომ იმიგრანტებმა ახალ გარემოსთან ადაპტაციისას ფუნდამენტურად კი არ შეცვალეს ძველი ღირებულებები, არამედ შეიმუშავეს ახალ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაგმატული სტრატეგიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა „კულტურულობის“ კონცეფციას, რომელმაც საბჭოთა კავშირში მორალური და ესთეტიკური ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა.

დოქტორი ნინო აივაზიშვილი-გენე ლაიბნიცის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის (IOS) მკვლევარია. მან სოციალურ ანთროპოლოგიაში მოიპოვა მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტის (ჰალე-ვიტენბერგი) დოქტორის ხარისხი.

სხვადასხვა დროს ასწავლიდა გერმანიის, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებსა თუ ინსტიტუტებში. 2020 წლიდან ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მოქალაქეობის, საზღვრების, მიგრაციისა და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციების საკითხებს. ავტორია 2023 და 2024 წლებში  გამოცემული ორი გერმანულენოვანი წიგნის.

ონლაინლექციაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, ორგანიზატორს დაუკავშირდეთ ელფოსტაზე: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge

ფორმატი: ონლაინ

სამუშაო ენა: ინგლისური  

დრო: 5 მაისი, 17:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2026

 

 

 

 

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია