ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა თამთა ხალვაშმა კორნელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საზოგადოებაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამა წარმატებით დაასრულა.

კორნელის უნივერსიტეტის ინოვაციური სწავლების ცენტრის პროგრამის „მადლობა გადავუხადოთ პროფესორს“ ფარგლებში (Thank a Professor Program) თამთას ლექციების კურსმა „ჩამოშლისა და შეკეთების ეთნოგრაფიები“ (Ethnographies of Brokenness and Repair) სტუდენტების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რაც ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რობ ვანდერლანმა მადლობის წერილით აღნიშნა.

კორნელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამა ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ქუდის ქვეშ მსოფლიოდან სამუშაოდ მცირე რაოდენობის მკვლევრებს არჩევს.

2022-23 წელს საზოგადოების ფოკუსი „შეკეთება“ (Repair) იყო. თამთა სხვა მკვლევრებთან ერთად ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საკუთარ კვლევაზე.

კორნელში ყოფნისას თამთა საარქივო და ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით თბილისის საბჭოთა კორპუსებში ინფრასტრუქტურების ჩამოშლისა და შეკეთების ესთეტიკას, აფექტსა და კოლექტიურ პრაქტიკას იკვლევდა. ამასთანავე, ის საკუთარ ცოდნას სასწავლო კურსის ფარგლებში კორნელის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და ლიტერატურის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს უზიარებდა.

პროგრამის განმავლობაში თამთამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საჯარო ღონისძიებაში, მათ შორის Wenner Gren-ის ფონდის მიერ დაფინანსებულ შეხვედრების ციკლში, სათაურით „Gleaning”, რომლის ფარგლებშიც გამოიცემა მისი სტატია „ქალაქის მომცვრევა: ჯართის შეგროვება, შეკეთება და ხელოსნობა თბილისის ინფრასტრუქტურის ნანგრევებში“ (Urban Gleaning: Scrap Metal Collection, Repair and Artisanship in the Infrastruatural Ruins of Tbilisi). კორნელის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, თამთა ასევე მიწვეული იყო ანთროპოლოგიური კოლაბორაციისა და შემთხვევითი ეთნოგრაფიული გადაკვეთების შესახებ გამართულ დისკუსიაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი კვლევის ექსპერიმენტულ და მულტიმოდალურ ფორმებზე ესაუბრა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის ფარგლებში, თამთამ ამავე პერიოდში წაიკითხა ლექცია თემაზე „ვენახების ქალაქი: აღდგენითი ეკოლოგიები ჩამოშლილობის ჟამს“ (A City of Vineyards: Reparative Ecologies in Times of Ruination). ეს ლექცია მან მოგვიანებით კორნელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საზოგადოების წლის შემაჯამებელ კონფერენციაზეც წარადგინა.

2023

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია