2024 წლის დეკემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები აწყობენ პანელს ASIAC XVIII ყოველწლიურ კონფერენციაზე ვენეციის Ca’ Foscari-ის უნივერსიტეტში.

წლევანდელი ASIAC კონფერენცია შეისწავლის კავშირების, მობილურობისა და ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ასპექტს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კონფერენციაზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: სავაჭრო გზები, მიგრაცია, ტექნოლოგიები, ურბანული განვითარება, კულტურული, რელიგიური და მხატვრული გადაკვეთები თუ ენობრივი შეხვედრები.

პანელის სათაური: ინფრასტრუქტურის ფლუიდურობა: ემოციები, სხეულები და სოციალური ტრანსფორმაციები

პანელის აღწერა

ბოლო წლებში გაიზარდა ინტერესი ანთროპოლოგიის სფეროში ინფრასტრუქტურის კვლევის მიმართ. ამან გამოიწვია ინფრასტრუქტურის შესასწავლად გამოყენებული ტრადიციული მეთოდებისა და მიდგომების გადახედვა და გამრავალფეროვნება, ასევე გაჩნდა ინოვაციური მიდგომები და ექსპერიმენტები, რომლებიც გვთავაზობს ინფრასტრუქტურის გაგებისა და თეორეტიზაციის სხვადასხვა გზას. როგორც კელერ ისტერლინგი ამტკიცებს, რადიკალური ცვლილებები დაწერილია ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების ენაზე (2014).

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ცვლილებისა და ახალი სახელმწიფოს ფორმირების ცენტრალური ინსტრუმენტი გახდა. თუმცა ეკონომიკურ დერეგულაციას, რესურსების მოპოვების მაქსიმიზაციასა და ამ რესურსების არათანაბარ განაწილებას მოჰყვა ასიმეტრიული განვითარება და ადგილობრივი თემების დასუსტება. ამ პროცესმა კი წარმოქმნა არა მხოლოდ მიტოვებული ადგილები, არამედ მიტოვებული ადამიანები და თემები. თუმცა ძლიერთა ინფრასტრუქტურის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი ტიპის ინფრასტრუქტურაც – უძლურთა ინფრასტრუქტურა – რაც პოსტსაბჭოთა ნანგრევებსა და ეკონომიკურ ტრანზიციას შორის აღმოცენებული ცხოვრების გზას აღნიშნავს. ადამიანები ქმნიან, გარდაქმნიან და ავრცელებენ ახალი ტიპის არაფორმალურ, მატერიალურ და არამატერიალურ, ემოციურ ან გრძნობებზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას, როგორც თვითორგანიზებისა და ცხოვრების შექმნის არაფორმალურ გზას.

შესაბამისად, ეს პანელი მიზნად ისახავს შეისწავლოს ინფრასტრუქტურის ფორმები, რომლებიც სცილდება მხოლოდ ძალაუფლების მქონე პირების მიერ შექმნილსა და აშენებულს და უფრო მეტად ფოკუსირებულია თვითშექმნილ და თვითმწარმოებელ ინფრასტრუქტურაზე. ასეთ ინფრასტრუქტურას პანელი განიხილავს არა როგორც სტატიკურ ფენომენს, არამედ როგორც დინამიკურ პროცესს. ეს პროცესი მოიცავს სხვადასხვა მასალას, მობილურობას, ემოციებსა და გრძნობებს, რომლებიც დიდ როლს თამაშობს კულტურების, იმედებისა და სასოწარკვეთილების აგებასა და გადაცემაში.

პანელი იწვევს მკვლევრებს, რომლებიც შეისწავლიან ინფრასტრუქტურის მრავალფეროვან და ინოვაციურ ფორმებს. ის გვიბიძგებს განვიხილოთ სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური ინფრასტრუქტურა, რომელიც გადაჯაჭვულია სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებსა და სოციალურ ტრანსფორმაციებთან.

პანელის მონაწილეები:

  • ქეთევან ლაფაჩი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება „თმა, როგორც საქონელი: თმის ვაჭრობის ინფრასტრუქტურა საქართველოში“

  • ესმა ბერიკიშვილი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება „ნავიგაცია ნანგრევებში: არაფორმალური შრომის გაჩენა პოსტსაბჭოთა ინფრასტრუქტურაში საქართველოში“

  • ლიკა ჯალაღანია, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება „საზოგადოების ინფრასტრუქტურა: რიონის ხეობის მოძრაობა და პროტესტი, რომელიც მიედინება“

  • დათო ლაღიძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება „ქუთაისის აეროპორტი: ყოველდღიური მიგრაცია და მობილურობა პოსტსაბჭოთა საქართველოში“

  • მარიამ ურდია, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება „განვითარებადი ნოსტალგია: დაკარგული მდინარის ინფრასტრუქტურის ტრანსფორმირებული მატერიალურობა“

პანელის მოდერატორი – თამთა თათარაშვილი, დოქტორანტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია