ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა – მარიამ შალვაშვილმა და დათო ლაღიძემ ჰაინრიჰ ბიოლის სახელობის Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus სადოქტორო სტიპენდიები მოიპოვეს.ისინი სადოქტორო საფეხურზე სწავლის დროს იმუშავებენ კვლევებზე, რომელთა მიზანი პოსტსაბჭოთა საქართველოში უნდობლობისა და ინფრასტრუქტურის შესწავლაა.
მარიამ შალვაშვილის კვლევა მიზნად ისახავს მოქალაქეობის ფორმირების პროცესში კონსპირაციული თეორიებისა და ეჭვების მნიშვნელობის ადგილის დანახვას: ერთი მხრივ, იმის შესწავლას, თუ როგორ ხდება მათი მობილიზება ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭისთვის და, მეორე მხრივ, ჭორებისა და ბოლომდე გამოუთქმელი განცდების საშუალებით ეკონომიკური უთანასწორობისა და გაუმჭვირვალე პოლიტიკის აღქმისა და ინტერპრეტირების მცდელობების კვლევას პანკისში.
დათო ლაღიძის კვლევის მიზანია შეისწავლოს საქართველოს აეროპორტები ერი-სახელმწიფოს მშენებლობისა და საიმიგრაციო პოლიტიკის კონტექსტში. კვლევა ორიენტირებულია მათი პოლიტიკური მნიშვნელობის კრიტიკული პერსპექტივიდან დანახვაზე, გლობალურ სამყაროში აეროპორტების მოქალაქეების გადინების სცენად აღქმაზე. მკვლევრის მიზანია, დაინახოს აეროპორტების, ერთი მხრივ, როგორც მოდერნულობისა და გლობალიზაციის სიმბოლოს, მეორე მხრივ, როგორც საიმიგრაციო კონტროლისა და საზღვრის კვეთის სივრცის როლი.