ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე.
ვაკანტური ადგილი: 3.
ქალთა ფონდი საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ ჩარიცხული ერთი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას, რომლის მოცულობა განისაზღვრება თვეში 400 ევროს ეკვივალენტით ლარში და შესაძლოა გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიისთვის განცხადებების მიღების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული განცხადების ბოლოს.
სადოქტორო პროგრამა „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ – იხ. აღწერა
პირველი ეტაპი – ელექტრონული რეგისტრაცია
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2023 წლის 16 ნოემბრიდან 6 დეკემბრის 18:00 საათამდე ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე phd@iliauni.edu.ge
დოქტორანტურაში სწავლის მსურველების საყურადღებოდ!
- ყველა სავალდებულო საბუთი უნდა იყოს PDF ფორმატში;
- ყველა საბუთი/დოკუმენტი უნდა აიკინძოს ერთ ფაილად ერთმანეთის მიყოლებით;
- ერთ ფაილად აკინძული დოკუმენტების ნაკრები ერთხელ უნდა გამოიგზავნოს შესაბამის ელფოსტაზე.
სხვა შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება.
დოკუმენტაციის მიღებას დაადასტურებს ფაკულტეტის წარმომადგენელი
- სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ სარეგისტრაციო ფორმა) ;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან), ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- ავტობიოგრაფია (CV);
- ფოტოსურათი 3×4;
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ კვლევითი განაცხადის ფორმა), რომელიც პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი;
მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებით მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია.)
- ა) თუ აპლიკანტი არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 8 და 11 დეკემბერს.
ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2023 წლის 7 დეკემბერს.
- ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 12 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 13 დეკემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური ენის გამოცდის ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2023 წლის 15 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ კვლევითი განაცხადის შეფასების ფორმა.)
სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ).
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2023 წლის 25 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 26 დეკემბერს,10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2024 წლის 10 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.
ზეპირი გამოცდა ფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.
მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ზეპირი გამოცდები დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 16, 17 და 18 იანვარს. ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 22 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2024 წლის 23 იანვარს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 25-26 იანვარს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2024 წლის 24 იანვარს.
ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2024 წლის 30 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
ხელშეკრულების გაფორმება:
ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2024 წლის 7 და 8 თებერვალს A 303 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.
ინფორმაცია ,,ქალთა ფონდი საქართველოში”-ის მიერ სტიპენდიის შესახებ
ქალთა ფონდი საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამისსტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას თვეში 400 ევროს ეკვივალენტით ლარში. ის შეიძლება გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში.
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტებს, რომელთაც სურთ სტიპენდიის მოპოვება, შეუძლიათ გამოგზავნონ CV, მოკლე განაცხადი საკვლევი თემის შესახებ და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. მსურველთ განცხადებების გამოგზავნა შეუძლიათ 2024 წლის 22 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: info@womenfundgeorgia.org, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
გასაუბრების შესახებ ფონდი დაუკავშირდება აპლიკანტებს.
შერჩევის კრიტერიუმები:
- დაინტერესებული აპლიკანტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები;
- აპლიკანტებმა სამოტივაციო წერილში (1-2 გვერდი) უნდა დაასაბუთონ თავიანთი ინტერესი და საჭიროება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, ასევე მიუთითონ, როგორ უკავშირდება მათი სადოქტორო კვლევითი პროექტი ქალთა ფონდის საქართველოში ძირითად თემატურ სამუშაო მიმართულებებსა (https://womenfundgeorgia.org/ka/Main) და ფემინისტურ ხედვას, ასევე აღწერონ, როგორ დაეხმარება მათ სტიპენდია აკადემიურ კარიერაში.
შერჩეული აპლიკანტები ვალდებული იქნებიან, შეასრულონ ყველა მოთხოვნა,განსაზღვრული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. სტიპენდიის განახლება დამოკიდებული იქნება სტიპენდიატის მიერ ყოველწლიურად სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისობის შესრულებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. სტიპენდიატები ასევე ვალდებულები იქნებიან, წარმოადგინონ მათ საველე კვლევასთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიშიან აკადემიური სტატია, რომელიც გამოქვეყნდება ქალთა ფონდის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაარხებზე. ამასთან სასურველია, სტიპენდიატებმა მონაწილეობა მიიღონ ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, დისკუსიებსა და კონფერენციებში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მარიამ ჩორგოლაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge