პროექტი „თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთა” (დაფინანსებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ) და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიწვევთ მორიგ კვლევით სემინარზე. ნანო ზაზანაშვილი გაგვაცნობს ურბანული კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებულ რამდენიმე პროექტს/კვლევას.
მოხსენებაზე დასასწრებად ბმულის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ქეთევან გურჩიანს მეილზე: ketevan_gurchiani@iliauni.edu.ge
ურბანული კვლევების ცენტრი, არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაცია, 2016 წელს დაფუძნდა თანამოაზრე ურბანისტებისა და არქიტექტორების ინიციატივით. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თანასწორი, სამართლიანი და ჯანსაღი პროფესიული და ურბანული გარემოს ფორმირებას. ცენტრი ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობას.
სემინარზე ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და მკვლევარი ნანო ზაზანაშვილი მიმოიხილავს ურბანული კვლევების ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სხვადასხვა კვლევითი პროექტის შედეგებს ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის: ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა, საბინაო პოლიტიკა თბილისის ისტორიულ ნაწილში, თანამონაწილეობითი დაგეგმარება და გენერალური გეგმის აღსრულების საკითხები.
ნანო ზაზანაშვილმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. 2009 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე დაიცვა არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი. 2010-2018 წლებში თანამშრომლობდა არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ეკავა მკვლევრის, ადგილობრივი ექსპერტისა და პროექტების ხელმძღვანელის პოზიციები. 2018-2020 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ურბანული განვითარების სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის სამსახურის პოლიტიკისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2020 წლიდან უძღვება ურბანული კვლევების ცენტრის პროექტებს.
ფორმატი: დისტანციური პლატფორმა ზუმის გამოყენებით
ფოტო აღებულია ურბანული კვლევით ცენტრის ფეისბუქის საიტიდან.