16 ივნისს, 17:00 საათზე, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტინა შვენკელი ანთროპოლოგიის სემინარების სერიის ფარგლებში ონლაინ გამართავს თავისი წიგნის „ხმოვანი სოციალიზმი: კრიზისი და ზრუნვა პანდემიურ ჰანოიში“ პრეზენტაციას.
წიგნში ყურადღება გამახვილებულია ურბანული კრიზისების სენსორულ განზომილებებზე, განსაკუთრებით კი იმაზე, როგორ აღიქმება ისინი ხმოვანი რღვევების მეშვეობით. 2020 წლის დასაწყისში ვიეტნამში COVID-19-ის გავრცელების დროს მთავრობა ქუჩის კუთხეებში დამონტაჟებული გამაძლიერებლებიდან გადასცემდა ინსტრუქციებს, წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის თანამშრომლები დიაგნოსტიკური მოსმენით ადევნებდნენ თვალყურს სიმპტომებს, ხოლო მოსახლეობა რისკისა და ზრუნვის აკუსტიკურ სიგნალებზე ადაპტირებას სწავლობდა.
ნაშრომში განხილულია, როგორ ეყრდნობოდა ვიეტნამის საპანდემიო რეაგირება „კატასტროფული სოციალიზმის“ ღრმა ისტორიულ გამოცდილებას. ავტორი სვამს კითხვას, როგორ აღიქმებოდა კრიზისის პირობებში კოლექტიური მობილიზაცია მათთვის, ვინც ამ პროცესს შიგნიდან განიცდიდა.
წიგნში ნაჩვენებია, რომ ხმოვანი გარემო და მოსმენა პანდემიური მართვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. სოციალური სოლიდარობა და ხმოვანი წინააღმდეგობა ერთი და იმავე აკუსტიკური ინფრასტრუქტურის ფარგლებში თანაარსებობდა, რითაც იკვეთება ასპექტები, რომლებიც კატასტროფების ვიზუალური ანალიზისას ხშირად მხედველობიდან რჩება.
კრისტინა შვენკელი კალიფორნიის უნივერსიტეტის (რივერსაიდი, აშშ) სოციოკულტურული ანთროპოლოგიის პროფესორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ურბანულ კატასტროფებს, ნგრევას, მედიის ინფრასტრუქტურებსა და ხმის ანთროპოლოგიას; მისი წიგნები „ამერიკის ომი თანამედროვე ვიეტნამში“, „სოციალიზმის მშენებლობა: აღმოსავლეთგერმანული არქიტექტურის შემდგომი ცხოვრება ურბანულ ვიეტნამში“ არაერთი ჯილდოს მფლობელია.
ავტორის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://christinaschwenkel.com.
ფორმატი: ონლაინ / ღონისძიების ბმულის მისაღებად ორგანიზატორს დაუკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 16 ივნისი, 17:00 საათი
დასწრება თავისუფალია.
