ანთროპოლოგიის პროფესორმა თამთა ხალვაშმა, ვარშავის უნივერსიტეტის სემინარების სერიის „პოსტკოლონიური პერსპექტივები – პოსტდამოკიდებულების ხლართები“ ფარგლებში, 19 ნოემბერს წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით, „პერიფერიული სირცხვილი: აფექტური ქალაქი და ერი პოსტკოლონიალური საქართველოს მიჯნაზე“, რომელიც მის გამოსაცემად მომზადებულ წიგნს ეყრდნობა.
ამ წიგნის საშუალებით, თამთა ხალვაში იკვლევს პოსტსაბჭოთა საქართველოს როგორც უნიკალურ პოსტკოლონიურ სივრცეს, რომელიც წარმოშობს პერიფერიული სირცხვილის ემოციურ მდგომარეობას. საოჯახო არქივებისა და ავტოეთნოგრაფიული რეფლექსიების ტრადიციულ საველე და საარქივო კვლევასთან შერწყმით, იგი საქართველოს საზღვრისპირა ქალაქ ბათუმის მაგალითზე, თვალყურს ადევნებს ამ სირცხვილის სხვადასხვა ურბანულ გარემოში აღმოცენებას, დაწყებული მოძრავი ძეგლებითა თუ დავალიანებული სახლებით, საბჭოთა ტერორის მიერ მიტოვებული დაუმარხავი სხეულებითა თუ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უხერხული თანაცხოვრებით დასრულებული. ასეთი მიდგომით, ხალვაში გვთავაზობს სირცხვილის ახალებურ გადააზრებას და განიხილავს მას არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, სოციალური ან პიროვნული სუბორდინაციის ჭრილში, არამედ როგორც ძალას, რომელსაც გარდამქნელი და აღმდგენი ძალა გააჩნია.