ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული
ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მისივე
დოქტორანტის, გიორგი ხასაიას მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩა N1-ში აღსრულების პოლიციამ
ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცედურა დაიწყო, რასაც ოჯახის
მხარდასაჭერად მობილიზებულ მოქალაქეთა ნაწილის სამართლიანი პროტესტი
მოჰყვა. ძალადობრივი გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას
სამართალდამცავმა უწყებამ პროტესტის 20-მდე მონაწილე დააკავა, მათ შორის,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული
ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგი ხასაია,
რომელსაც ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ექვს წლამდე.
გიორგი ხასაია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო
პროგრამის გამორჩეული სტუდენტია. ის, იმ განსაკუთრებული კვლევითი და
ანალიტიკური უნარების გამო შეირჩა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ
სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რითაც გიორგი
ჯერ კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, ხოლო შემდეგ მთელი სწავლის
პერიოდის განმავლობაში გამოირჩეოდა. გიორგის საკვლევი თემა გერმანიაში
ქართველი მიგრანტების რთულ ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად
მან, როგორც წარჩინებულმა დოქტორანტმა, სოციალური და კულტურის
კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო
შესაძლებლობა, საველე კვლევა გერმანიაში ჩაეტარებინა.
მთელი ამ პროცესის მანძილზე გიორგი ხასაია გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის
მაღალი გრძნობით, ასევე რთულ ეთნოგრაფიულ ველზე მუშაობისას
განსაკუთრებული ეთიკურობით. მისი ხელმძღვანელი, პროფესორი ფლორიან
მიულფრიდი აღნიშნავს, რომ “გიორგის კვლევას მხარს უჭერენ და მაღალ
შეფასებას აძლევენ საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაშიც”. ახლა, როცა
გიორგი ხასაიამ წარმატებით შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული
ვალდებულებები და თებერვლის შუა რიცხვებში დისერტაციის ორი თავის
კოლოქვიუმზე წარსადგენად ემზადებოდა, მისი ჩამოშორება აკადემიური
საქმიანობიდან დიდი დარტყმა იქნება როგორც მისი სამეცნიერო
განვითარებისთვის, ისე ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური სივრცისთვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული
ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა სოლიდარობას უცხადებს გიორგის და
მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დროულად გაათავისუფლოს ის, რათა შეძლოს
სრულფასოვნად დაუბრუნდეს უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებას.
ხელმომწერები:
თამთა ხალვაში, ანთროპოლოგიის პროფესორი, სოციალური და კულტურული
ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
ფლორიან მიულფრიდი, ანთროპოლოგიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
ქეთევან გურჩიანი, ანთროპოლოგიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი
ელენე გავაშელიშვილი, ასისტენტ-პროფესორი ანთროპოლოგიის
მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მარიამ დარჩიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო აბაკელია, ემერიტუს პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი