19 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება დევიდ ლეუპოლდის წიგნის „სამხრეთ საბჭოთა ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე: ურბანული მომავალი და მათი შემდგომი ცხოვრება“ (The Death and Life of Southern Soviet Cities: Urban Futures and Their Afterlives) პრეზენტაცია.

რას ნიშნავს ცხოვრება ქალაქებში, რომლებიც შეუმდგარი მომავლისთვის აშენდა? – ამის გასარკვევად წიგნის ავტორმა დევიდ ლეუპოლდმა სამხრეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიამდე (სომხეთიდან ყირგიზეთამდე) 6-წლიანი ეთნოგრაფიული და საარქივო კვლევა ჩაატარა. ავტორი წიგნში გვიჩვენებს, როგორ უპირისპირდებოდა მოსკოვის პოლიტბიუროს ვიწრო ჩარჩოებს ურბანულ მომავალზე შექმნილი რადიკალური და უტოპიური იდეები – იქნებოდა ეს ესპერანტოზე მოსაუბრეთა საერთაშორისო ქალაქი ყირგიზეთის სტეპში თუ სპარსულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული არქიტექტურა სომხეთში. ურბანული სივრცე არის წიგნის მთავარი პრიზმა, რომლითაც მოქალაქეები პოსტსოციალისტური წარსულის მძიმე მემკვიდრეობას, არამდგრად აწმყოსა და გაურკვეველ მომავალს იაზრებენ.

მომხსენებლის შესახებ

დევიდ ლეუპოლდი ისტორიული სოციოლოგი და პოსტსაბჭოთა, პოსტოსმალური მეხსიერების პოლიტიკის მკვლევარია (Leibniz-Zentrum Moderner Orient და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბერლინი), აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური სისტემების დოქტორი, CESS-ის წიგნის პრემიის ლაურეატი, მიჩიგანის უნივერსიტეტის ყოფილი პოსტდოქტორანტი და ორი მონოგრაფიის ავტორი. მისი შრომები თარგმნილია არაერთ ენაზე. ამჟამად დევიდ ლეუპოლდი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სრული პროფესორობის (ჰაბილიტაცია) კვალიფიკაციას იღებს და ერევანში (YCIE – ერევნის საერთაშორისო განათლების ცენტრი) მოწვეული მკვლევრის სტატუსით იმყოფება.

დრო: 19 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

სადოქტორო პროგრამა

კვლევა

თანამშრომლები

რესურსები

მედია