9 ივნისს, 17:00 საათზე, ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით მკვლევარი თინათინ ხომერიკი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „უსამშობლოები: სიმბოლური მიუსაფრობა საქართველოში ეპისტემური კრიზისის კვალდაკვალ”.
2023 წელს საქართველოში კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებას კვლავ პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. თუმცა, ეს კრიზისი არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ამავე დროს ეპისტემურიცაა. წინანდელი დომინანტური დისკურსის რადიკალური შეცვლის კვალდაკვალ საზოგადოებაში დაისადგურა გაურკვევლობის ატმოსფერომ, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს ურთიერთსაწინააღმდეგო რწმენისა და მორალური შეფასებების პირობებში მოქმედებისკენ უბიძგებს. შედეგად, ფორმირდება მორალური შეფასების ახლებური ფილტრები და სოციალური ექსკლუზიისა და ინკლუზიის ახალი მექანიზმები, მათ შორის ცნება „უსამშობლო” – ქართული პოლიტიკური რიტორიკის ნეოლოგიზმი, რომელიც „უცხოდ“ წარმოჩენის მექანიზმად გამოიყენება როგორც ოფიციალური პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრის, ისე ოპოზიციური ჯგუფების – პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და ინდივიდუალური აქტივისტების – მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი პირველად მთავრობის წარმომადგენლებმა გამოიყენეს, ის მოქალაქეთა ყოველდღიურ მეტყველებაშიც დამკვიდრდა ზოგჯერ ირონიული თვითგანსაზღვრების მნიშვნელობით, ზოგჯერ კი – საპასუხო შეტევის საშუალებად, რომლის მეშვეობითაც ეპითეტს ხელისუფლებას ბუმერანგივით უბრუნებენ უკან და მას „ნამდვილ სხვად” სახავენ. მკვლევარი ცდილობს, მედიის ანალიზზე დაყრდნობით დააკვირდეს „უსამშობლოს”, როგორც გაუცხოების ან სიმბოლური გამიუსაფრების ინსტრუმენტის, წარმოშობას ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობისას, ასევე – რატომ აქვს მას ასეთი დიდი რეზონანსი ქართული საზოგადოების ფართო წრეებში. მკვლევარი საბოლოოდ ამტკიცებს, რომ ტერმინი სცდება დროებითი, სასხვათაშორისო გამოყენების ფარგლებს და იქცევა ფართო ეპისტემური შეჯიბრის მრავალდანიშნულებიან ინსტრუმენტად – ჭიდილისა, რომელიც ეროვნული სუვერენიტეტისა და გლობალიზაციისადმი წინააღმდეგობის ახლებურ ნარატივებს აირეკლავს.
თინათინ ხომერიკი ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანის კვლევის ინსტიტუტის პოსტდოქტორანტი მკვლევარი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია, ასევე ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიოლოგიური კვლევების ჯგუფის წევრი. ამჟამად მონაწილეობს პროექტში „ცოდნის მიმოქცევა კავკასიაში”, იკვლევს ცოდნის შექმნას, გავრცელებასა და გაცვლას საქართველოს პოლიტიკური და ეპისტემური კრიზისის ფონზე. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ურბანულ ანთროპოლოგიას, ცოდნის წარმოებას, საფრთხე/უსაფრთხოებასა და ეჭვს/რწმენას.
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: ონლაინსემინარი, ბმულისთვის დაუკავშირდით mariam.darchiashvili@iliauni.edu.ge
